ინფრასტრუქტურის სამინისტროში ზუზუმბოს პარკის არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს
29 სექტემბერი 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, პარლამენტის წევრი გელა სამხარაული, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ადგილობროვი ხელისუფლების წარმომადგენლები და საკონკურსო კომისიის წევრები.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ თელავში ზუზუმბოს პარკის მოწყობისთვის წარმოდგენილი სამი არქიტექტურული კონცეფცია განიხილეს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 9.9 ჰექტარი ტერიტორიის განვითარება და თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის შექმნა. საპროექტო ტერიტორია თელავის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და გამოირჩევა მწვანე საფარით, ბუნებრივად ჩამოყალიბებული რელიეფითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.
პროექტის მიხედვით, პარკში გათვალისწინებული იქნება საბავშვო სათამაშო და სპორტული ზონები, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, დასასვენებელი და გამწვანებული მარშრუტები, საფეხმავლო და ველობილიკები, საზოგადოებრივი და კომერციული სივრცეები, შესაბამისი მომსახურების ინფრასტრუქტურა და ავტოპარკინგი.
ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცეები, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე განათების, სარწყავი, წყალმომარაგების, სადრენაჟე და უსაფრთხოების სისტემები.
პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი სახეობის მცენარეებით გამწვანებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოლოგიურად მდგრადი გარემოს შექმნას.
საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროს რამდენიმე დღეში გამოავლენს.